შოთა ნიშნიანიძე გოგებაშვილის „დედა ენა" - ეს წიგნი ერის ბურჯია! - ხარობენ მამა-პაპანი, ხარმა თქვა: მეც შიგ ჩამდენეთ, ერის მეც ვზიდე ჭაპანი. მოფრინდა შავი მერცხალი ჭიკჭიკით, ყელმოღერებით და წიგნში, როგორც ბუდეში, ჩაფინა იის ღერები. პაწია წიგნი ბედ-იღბლით კიდობანს გამოემგვანა და, რაც შიგ გადანახულა, ის გადაარჩენს ქვეყანას. მე კი მგონია, ფრესკებზე ყრმა რომ ზის დედის კალთში, თუ „დედა ენას" მიუტანთ, დიდივით კრძალვით გადაშლის, თითს გააყოლებს ასოებს: ვაზის ლერწს, ნამგალს, ნიამორს, ენას ქართულად აიდგამს და იტყვის: აი, იაო. იდიდე, წიგნო, იდიდე, ქართული სულის ლაზათო, ღმერთი თუ არა ღმერთკაცი იქნებ კვლავ ბევრი გაზარდო.
|